„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.
„ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.